Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: გადაწყვეტილების ტემპი უნდა იყოს ეპიდსიტუაციასთან თავსებადობაში


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მიერ საქართველოსთვის საზღვრის გახსნის მიუხედავად, საქართველოს ანალოგიური გადაწყვეტილება ისევ არ მიუღია.

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კვლავ განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებთან მუდმივ კომუნიკაციას განაგრძობენ: „ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება სარკისებური, ანუ ნაცვალგების პრინციპზე. რა გადაწყვეტილებასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ საქართველოსთან მიმართებაში, ბუნებრივია, ჩვენი გადაწყვეტილებაც ამ ქვეყნებთან მიმართებაში იქნება შესაბამისობაში მათ გადაწყვეტილებებთან“.

მინისტრის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციის მიუხედავად, 1 ივლისიდან საზღვრების გახსნაზე უარი თქვეს ავსტრიამ, ბულგარეთმა, დანიამ და შვედეთმა. საქართველოსთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს გერმანიამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და უნგრეთმა. როგორც ზალკალიანმა თქვა, „მათთან უკვე შესული ვართ მოლაპარაკებაში და ჩვენი გადაწყვეტილებაც საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით, იქნება ორმხრივად შეთანხმებული“.

ევროკავშირის საბჭომ წევრ სახელმწიფოებს 30 ივნისს მისცა რეკომენდაცია კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვრები გაუხსნან 15 არაწევრ ქვეყანას. ამასთან, ევროკავშირის სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ და ორ კვირაში ერთხელ გადახედავენ.

მედიის შეკითხვას, საქართველოს მთავრობამ აქამდე რატომ ვერ გათვალა, რა პირობებით შეიძლება საზღვრების გახსნა, საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ „ეს არის ორმხრივად დასადგენი ამბავი“:

„მერწმუნეთ, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. ორი კვირის თავზე ისევ ეს ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას დაფუძნებულს იმ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, რომელიც იქნება ორი კვირის თავზე. ამიტომ ჩვენ რომ ეხლა უპასუხისმგებლოდ დავდგეთ და ისე, რომ არ იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის და იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მერე ის ხალხი ხომ ისევ უსაფრთხოდ უნდა დაბრუნდეს. მათ მოქალაქეებზეც ვზრუნავთ და ჩვენ მოქალაქეებზეც ვზრუნავთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივად, მუდმივად საქართველო იყოს ამ უსაფრთხო ქვეყნების სიაში“.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, „გადაწყვეტილების ტემპი უნდა იყოს ეპიდსიტუაციასთან თავსებადობაში“.

დავით ზალკალიანის თქმით, საბოლოოდ საქართველო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ყველა კმაყოფილი იქნება: „ლატვიელი კოლეგებიც კმაყოფილები იქნებიან, ჩვენი გერმანელი კოლეგებიც კმაყოფილები იქნებიან, ფრანგი კოლეგებიც კმაყოფილები იქნებიან“.

საქართველოს რეგულარული ავიამიმოსვლა 1 აგვისტომდე აქვს შეჩერებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG