Accessibility links

ირანი აცხადებს, რომ ინციდენტის მიუხედავად ნათანზის ბირთვული ობიექტი არ დაზიანებულა


ნათანზის ბირთვული ობიექტი ირანის სამხრეთში

ირანმა განაცხადა, რომ „ინციდენტი“ მოხდა მის ერთ-ერთ ბირთვულ ობიექტზე, რომელსაც გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო აკონტროლებს, მაგრამ დაზიანება არ მომხდარა.

ირანის ბირთვული ორგანიზაციის წარმომადგენლმა, ბეჰრუზ ქამალვანდიმ თქვა, რომ ინციდენტი მოხდა 2 ივლისს ნათანზის გამამდიდრებელ საწარმოში, რომელიც ცენტრალურ ირანში მდებარეობს, და სადაც მშენებარე „სამრეწველო საწყობი“ დაზიანდა, მაგრამ ამას გავლენა ცენტრიფუგების სეგმენტზე არ ჰქონია.

ნათანზის საწარმოში მშენებლობის შესახებ მანამდე გამოცხადებული არაფერი ყოფილა. ეს ობიექტი ისლამურ რესპუბლიკაში ურანის მთავარი გამამდიდრებელი საწარმოა, რომელიც თეირანიდან 250 კილომეტრში მდებარეობს. მას აქვს მიწისქვეშა ნაწილი, რომელსაც 7,6 მეტრის სისქის ბეტონი კედელი იცავს საჰაერო თავდასხმებისგან. ქამალვანდის თქმით, „ინციდენტს არ მოჰყოლია დანაკარგი და კომპლექსზე საქმიანობას ხელი არ შეშლია", მოჰყავს ირანის მედიას მისი სიტყვები. მისივე განმარტებით, დაზიანებული შენობა მიწის ზემოთ მდებარეობს და არ არის საკუთრივ გამამდიდრებელი საწარმოს ნაწილი, არ არსებობს საფუძველი შეშფოთებისთვის ინციდენტის გარშემო, რომელსაც ორგანიზაციის ექსპერტები იკვლევენ, დასძინა ქამალვანდიმ.

ნათანზს, ირანის სხვა ბირთვულ ობიექტებთან ერთად 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების საფუძველზე მეთვალყურეობას უწევს გაეროს ბირთვული სააგენტო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ქვეყანა შეთანხმებიდან გაიყვანა 2018 წელს და სანქციები დაუწესა თეირანს. ირანი საფეხურებრივად უკან იხევს შეთანხმების პირობების დაცვისგან, მაგრამ ბირთვული სააგენტოს ინსპექტორები ბირთვული ობიექტების მეთვალყურეობას აგრძელებენ. ამ ეტაპზე ირანი ურანს ამდიდრებს 4,5 პროცენტამდე, რაც შეთანხმების პირობებს აღემატება, მაგრამ ბირთვული იარაღის დონემდე, რაც 90 პროცენტს საჭიროებს, ბევრად დაბალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG