Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ გამოქვეყნებაზე დროებითი აკრძალვა მოუხსნა დონალდ ტრამპის ძმისშვილის წიგნს პრეზიდენტის ოჯახზე


ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ გამოქვეყნებაზე დროებითი აკრძალვა მოუხსნა დონალდ ტრამპის ძმისშვილის წიგნს პრეზიდენტის ოჯახის შესახებ.

1 ივლისს ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო განყოფილებამ განაცხადა, რომ აუქმებს აკრძალვას, რომელიც მოსამართლემ ერთი დღით ადრე დაადო გამომცემელ Simon & Schuster-ს, რის მიზანიც იყო, ხელი შეეშალა მერი ტრამპის 240-გვერდიანი წიგნის გამოქვეყნებისთვის. წიგნის სათაურია „ზედმეტად ბევრი და არასოდეს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადამიანი“.

წიგნის ოფიციალური პუბლიკაცია 28 ივლისისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ Simon & Schuster-მა განაცხადა, რომ ათასობით ეგზემპლარი უკვე მიეწოდა წიგნის მაღაზიებს.

ამკრძალავი ორდერი მოითხოვა პრეზიდენტის ძმამ, რობერტ ტრამპმა, ვინაიდან, მისი თქმით, მერიმ დაარღვია გაუთქმელობის შეთანხმება, რომელსაც მან 2001 წელს მოაწერა ხელი. მერი ტრამპი დონალდ ტრამპის ძმის, ფრედის ქალიშვილია.

როგორც მოსამართლე ალან შეინკმანმა განაცხადა, Simon & Schuster-ი „არ არის ამ შეთანხმების ნაწილი“ და მისი პუბლიკაციის დაბლოკვა „გაუქმებულია“.

Simon & Schuster-ის თანახმად, მერი ტრამპი, პროფესიით კლინიკური ფსიქოლოგი, თავის წიგნში იხსენებს ტრამპების „ტოქსიკურ ოჯახს“.

გასულ კვირაში მოსამართლემ უარი თქვა, დაებლოკა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მემუარები „ოთახი, სადაც ეს მოხდა“.

ტრამპმა მის შესახებ ბოლტონის მონათხრობს „გამონაგონი“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG