Accessibility links

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ 1 აგვისტომდე გააგრძელა შეზღუდვები უცხოეთში ფრენაზე


რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, როსავიაციამ, 1 აგვისტომდე გააგრძელა შეზღუდვები უცხოეთში ფრენაზე. მანამდე უწყება ფრენის 15 ივლისს განახლების წინადადებით გამოდიოდა. აგვისტომდე რუსეთში აკრძალულია უცხოელთა უდიდესი ნაწილის შესვლა. შეზღუდვები პანდემიის გამო დაწესდა.

აკრძალვების გაგრძელების შესახებ როსავიაცია იტყობინება ცნობაში, რომელიც აეროპორტებს დაეგზავნა.

ფაქტობრივად, საქმე ეხება არა მხოლოდ რუსეთში შესვლას, არამედ უცხოეთში გამგზავრებასაც - იუწყება საინფორმაციო სააგენტო ერბეკა.

ადრე საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებოდნენ, რომ როსავიაცია 15 ივლისს აპირებდა ფრენის განახლებას 15 ქვეყანასთან. აკრძალვების ნაწილობრივი მოხსნის წინადადება გაეგზავნა როსპოტრებნადზორს, მაგრამ უწყებისგან არ მიუღიათ დადებითი პასუხი. გარდა ამისა, ჯერაც არ არის ცნობილი, რომელ ქვეყნებში იგეგმებოდა ფრენის აღდგენა.

30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა რუსეთი არ შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებისთვისაც 1 ივლისიდან გაიხსნა კავშირის საზღვრები. პირველ ეტაპზე ევროკავშირში მოგზაურობა ნებადართულია 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. ამ ქვეყნებში ვითარება არ უნდა იყოს ევროკავშირის საერთო მაჩვენებლებზე უარესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG