Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა მოსწავლის დახრჩობის საქმეზე ბრალდებული პედაგოგები


გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა პედაგოგები, რომლებსაც პროკურატურამ 1 ივლისს, ნინოსხევში მოსწავლის დახრჩობის საქმეზე ბრალი წაუყენა. პედაგოგები, ბრალს არ აღიარებენ.

აღკვეთის შეფარდების საკითხზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 2 ივლისს იმსჯელა. ბრალდების მხარემ, 5000 -ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა, მაგისტრანტმა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, რასაც პროკურატურა გაასაჩივრებს.

საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, კერძო სკოლა „ალბიონის“ სასკოლო ექსკურსიას ლაგოდეხის ნაკრძალში. ექსკურსიის დროს ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდი დაიხრჩო.

პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციით, ექსკურსიაზე წასულ მოსწავლეებს აღმზრდელმა მდინარის ადიდების მიუხედავად, გადაადგილების ნება დართო.

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციითვე, ჩანჩქერთან მისვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

წინა სასამართლო სხდომა 24 აგვისტოს ჩაინიშნა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პედაგოგებს ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG