Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი არ შეასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციას არაწევრი ქვეყნებისთვის მოგზაურობაზე აკრძალვის მოხსნის თაობაზე


უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ არ შეასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციას და მოგზაურობაზე აკრძალვას არ გაუუქმებს მეტ ქვეყანას ბლოკის ფარგლებს გარეთ. მიზეზად მან დაასახელა კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის მკვეთრად ზრდის რისკი.

30 ივნისს ევროკავშირმა დაასრულა იმ ქვეყნების სიის შედგენა, რომლებშიც კორონავირუსის ინფექციის დონე საკმარისად დაბალია, რათა მათ მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცეთ 1 ივლისიდან. ამ ქვეყნების სიაში საქართველოც შედის.

დღეისთვის უნგრეთში, რომლის მოსახლეობა თითქმის ათი მილიონია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 4100-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 587 ადამიანი, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.

„ამჟამად ვერ ვახორციელებთ ევროკავშირის თხოვნას, რომ შემოვუშვათ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები, გამონაკლისს წარმოადგენს სერბეთი,“ დაწერა ორბანმა 2 ივნისს ფეისბუკში.

მაისში ბუდაპეშტმა კვლავ გაუხსნა საზღვარი სერბეთს, სადაც დიდი რაოდენობით ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ, ძირითადად უნგრეთთან საზღვრის გასწვრივ.

მაგრამ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნებში მოგზაურობაზე აკრძალვის მოხსნა „წინააღმდეგობაში იქნებოდა უნგრელი ხალხის ჯანდაცვის ინტერესებთან,“ თქვა ორბანმა.

ევროკავშირის სარეკომენდაციო სიაში შედიან ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, საქართველო, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. ასევე ჩინეთი, თუკი ისიც საპასუხო ზომებს მიიღებს. აშშ და რუსეთის სიაში არ შედიან.

მოგზაურობაზე შეზღუდვების გაუქმების თაობაზე ეჭვები გამოხატეს ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმაც.

ავსტრიამ 1 ივლისს გამოაცხადა, რომ მისდევს ევროკავშირის რეკომენდაციებს, მაგრამ არა სერბეთისა და მონტენეგროს შემთხვევაში.

ორბანის თქმით, ბუდაპეშტი „ჰუმანიტარულ დერეფანს“ შექმნის იმისთვის, რომ ხალხმა უნგრეთის გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობა შეძლოს.

ევროკავშირის რეკომენდაციებს ყოველ ორ კვირაში გადახედავენ თავად წევრი ქვეყნები. რეკომენდაციის მიზანია, ხელი შეუწყოს პანდემიის პირობებში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილ ტურიზმის ბიზნესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG