Accessibility links

ირანი დათანხმდა, კომპენსაცია გადაუხადოს იანვარში თეირანში ჩამოგდებულ უკრაინულ ავიალაინერში დაიღუპულთა ოჯახებს


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს თქმით, ირანი დათანხმდა კომპენსაცია გადაუხადოს იმ უცხოელ მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებიც იანვარში თეირანში ჩამოგდებულ უკრაინულ ავიალაინერში დაიღუპნენ.

ლინდემ შვედეთის საინფორმაციო სააგენტო TT-ს განუცხადა, რომ შეთანხმება ავიაკატასტროფის შედეგად დაზარალებული ქვეყნების მინისტრებთან მოლაპარაკებების შემდეგ იქნა მიღწეული.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა თანხის გადახდაზეა ლაპარაკი.

წარსულში ირანი აცხადებდა, რომ მსხვერპლთა ოჯახებთან პირდაპირ სურს მოლაპარაკებების წარმოება.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ რეისი 752, რომელიც თეირანიდან კიევში მიფრინავდა, ირანის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 8 იანვარს. საბოლოოდ ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ეს „შეცდომა“ იყო.

დაღუპული 176 ადამიანიდან ბევრი კანადელი ირანელი იყო, მაგრამ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ ავღანეთის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და უკრაინის მოქალაქეებიც.

ირანის ჯარები ტრაგედიის დროს გაძლიერებულ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ირანმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ერაყის სამხედრო ბაზაზე, რომელშიც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ.

ირანელებმა დარტყმები განახორციელეს პასუხად აშშ-ის ძალების მიერ ირანის მაღალი რანგის გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლაზე. სოლეიმანიზე დრონით მიიტანეთ იერიში ბაღდადის აეროპორტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG