Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებას პირდაპირი ავიამომოსვლის აღსადგენად


თბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად მოლაპარაკება მიმდინარეობს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან. მათ შორის გიორგი გახარიამ დაასახელა ბალტიის სახელმწიფოები, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი.

ქუთაისში, შემოვლითი გზის დასრულებული მონაკვეთის გახსნის შემდეგ, მედიის შეკითხვებზე პასუხისას პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ევროკავშირის მიერ წევრი სახელმწიფოებისთვის მიცემული რეკომენდაცია საქართველოსთვის საზღვრის გახსნის შესახებ, ნიშნავს, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მიღწევას ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით.

გახარიას განცხადებით, ევროკავშირის სახელმწიფოები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ, ზოგმა საზღვარი გარკვეული პირობებით გახსნა, ზოგმა უპირობოდ და ეს პროცესი დღესაც გრძელდება: „ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს, არ დავკარგოთ და არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც. ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოვალეობა რა არის? - ვიზრუნო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის მხრიდან აღიარება გონივრულად უნდა გადავთარგმნოთ ქვეყნისთვის რეალურ ეკონომიკურ მიღწევებში. „ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები იყოს აღდგენილი, რასაც სჭირდება გონივრული მიდგომა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ისე სტუმრების ჯანმრთელობაზე“, - უთხრა მედიას გიორგი გახარიამ.

პრემიერი ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზნით ჩამოვლენ სტუმრები - საქმიანი ვიზიტით, სამედიცინო მიზნით თუ სასწავლებლად. გახარიას თქმით, საქართველოში 20 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს და სექტემბერში ისინიც უნდა დააბრუნონ, ამიტომ პროცესი უნდა იყოს ეტაპობრივი, გონივრული და, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული და ასევე, მიმართული ეკონომიკური აღდგენის ხელშესაწყობად.

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, თავად ევროკავშირიც საზღვრების გახსნის რეკომენდაციას ორ კვირაში ერთხელ გადახედავს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ამიტომ საქართველომ არ უნდა დაუშვას ვირუსის უკონტროლო გავრცელება.

ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს 30 ივნისს მისცა 15 არაწევრი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოსთვის საზღვრების გახსნის რეკომენდაცია.

საქართველოს რეგულარული ავიამიმოსვლა შეჩერებული აქვს 1 აგვისტომდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG