Accessibility links

გადადგა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, განვლილ კვირაში მუნიციპალურ არჩევნებში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის - „წინ, რესპუბლიკა“ - მარცხის ფონზე.

ფილიპმა მთავრობის გადადგომის თხოვნით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

ელისეს სასახლის 3 ივლისის ცნობით, ახალი მთავრობის ფორმირებამდე, ედუარ ფილიპი დროებით კვლავ უხელმძღვანელებს კაბინეტის საქმიანობას.

ფილიპის გადადგომის მიზეზები არ სახელდება. ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, რომლის პოპულარობაც საკმაოდ მაღალია, შესაძლოა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო ვადა ორ წელიწადში იწურება.

საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს ცნობით, მაკრონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აპირებს „ახალი გუნდის“ შექმნას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ედუარ ფილიპი 2017 წლის მაისში დანიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG