Accessibility links

ბაჩანა შენგელიას თქმით, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს მის შესახებ სასამართლოს განჩინებას


ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია იტყობინება, რომ იუსტიციის სამინისტრო უარს აცხადებს მის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების შესრულებაზე. სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრსა და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა.

„კიდევ ერთი წარმოუდგენელი ამბავი, უკვე მესამე დღეა ხელისუფლების ერთი შტოს ნაწილი - იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს მეორის - სასამართლო ხელისუფლების მიერ გამოტანილ, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ჩემთვის საქმიანობის უფლების აღდგენის თაობაზე.

არც ვიცი რა ვთქვა, ეს რომ სამართლებრივი პროცესი არ იყო, დასაწყისშივე ჩანდა, თუმცა სააღსრულებო ფურცლის ამოწერის მოთხოვნა და იძულებითი აღსრულების დაწყება თუ მომიწევდა, მართლა არ მეგონა.

თუმცა უკვე მივმართე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ამ მოთხოვნით და შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 381.2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს”, - წერს „ფეისბუკზე“ ბაჩანა შენგელია.

4 ივლისს, 12:00 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან ბაჩანა შენგელიას საკითხზე საპროტესტო აქცია იგეგმება. მოძრაობა „შეცვალეს" ორგანიზებით მოქალაქეები მოითხოვენ „ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტას, რის სიმბოლოდაც იქცა ბაჩანა შენგელიას ოჯახის წინააღმდეგ ოლიგარქიული სისტემის ამორალური და უკანონო ბრძოლა. ჯერ იყო და მისი დედა, ქ-ნი ია კერზაია, მიიყვანეს სიკვდილამდე, ხოლო ახლა სიმართლისთვის მებრძოლ მის შვილს შეუჩერა პროფესიული საქმიანობა თეა წულუკიანის აზრის პოლიციამ.

არა პოლიტიკურ რეპრესიებს! არა სოციალურ ქსელში პოსტების გამო დაკითხვებზე დაბარებას! არა სამსახურიდან გაშვებასა და დაშინებას! არა პუტინის საქართველოს!"

ბაჩანა შენგელიამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მას რამდენიმე დღის წინ შეუჩერეს ელექტრონულ რეესტრთან, სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო პროგრამასთან წვდომა და ფეისბუკპოსტების გამო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს.

შენგელიასთვის იუსტიციის სამინისტროდან მიწერილ წერილში ვკითხულობთ: „გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა თქვენი, როგორც ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას „ფეისბუკის" გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთი თვის პერიოდი). შედეგად დადგინდა, რომ თქვენ - ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებთ მოკრძალებული პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს“.

თავად შენგელია დისციპლინური წარმოების დაწყებას „ვითომ სამართლებრივ" პროცესს უწოდებდა და დედის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უკავშირებდა. მან ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც წაიღო.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. მისი განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს. 23 აგვისტოს კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG