Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მედიის ადვოკატირებისთვის" საბოტაჟის მუხლით წარმოებულ გამოძიებაში ხედავს ცენზურის საფრთხეს


მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისკენ მოუწოდებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“. მასში გაერთიანებული ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიები.

„ვფიქრობთ, მსგავსს პრეცედენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე.

მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

„მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის. მისი განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად გამოსწორდეს დაშვებული შეცდომები.

„სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია .

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში”, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 20 ივნისს „მთავარი არხის" ეთერში გასულ მასალას, რომელიც „კოვიდსტატუსის ყიდვას" შეეხებოდა, საბოტაჟის მუხლით იძიებს. უწყებამ უკვე გამოკითხა მასალაში მონაწილე პირები და არხი მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის მსგავსად, მედიასაშუალების საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევის სურვილს ხედავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG