Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


მისალოც ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა 244 წლის წინ მოაწერა ხელი დამოუკიდებლობის დეკლარაციას და დამოუკიდებლობის დღე ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ერის ისტორიაში „არა მხოლოდ თავისი სიმბოლიკით, არამედ იმიტომაც რომ ეს დღე, იმ ღირებულებების მატარებელია, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ერი“.

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რომ „თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია - ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ამერიკასთან გვაერთიანებს და რომელსაც სრულიად ვიზიარებთ“.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავის მიმართვაში ხაზს უსვამს აშშ-ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც COVID 19-ის პანდემიასთან ბრძოლის პროცესშიც გამოვლინდა. ამ ჭრილში ხაზი ესმება ამერიკელების მიერ დაარსებული ლუგარის ლაბორატორიის როლს.

„დღეს მსოფლიო კიდევ ახალი გამოწვევის წინაშეა - უხილავი მტერი და საფრთხე.

ერთი მხრივ, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა ქვეყანა ცალ-ცალკე უნდა ებრძოლოს ამ გამოწვევას და რჩება მარტო. რეალურად, საქმე სულ სხვაგვარადაა და ჩვენ ისიც აღმოვაჩინეთ, რომ ამ გლობალური საფრთხის წინაშე აუცილებელია გლობალური სოლიდარობა და აქაც, კიდევ ერთხელ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამერიკის როლი იყო და არის გადამწყვეტი.

ჩვენ ვიცით, რა პოზიტიური როლი ითამაშა ჩვენთან ამერიკის მიერ დაარსებულმა ლუგარის ცენტრმა; რა როლი ითამაშა ჩვენი და ამერიკელი ექიმების თანამშრომლობამ; ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის ფინანსური დახმარება იმისთვის, რომ საქართველომ წინააღმდეგობა გაუწიოს არამხოლოდ პანდემიას, არამედ შემდგომ ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ ეს მხოლოდ ცალმხრივი სოლიდარობა არ არის“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღეს ამერიკაში მცხოვრებ ქართველებსაც ულოცავს, მათ „ვისაც ამერიკა თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG