Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ მეჯვრისხევში სასმელ წყალს ითხოვენ


4 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ცენტრში, აქცია გამართა მოსახლეობის ნაწილმა. ისინი სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ. უკვე მეორე თვეა, რაც სოფლის მკვიდრთა ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება.

„ამ საუკუნეში ასეთი პრობლემა თუ იქნებოდა სადმე, არ ვიცი. გვეძლეოდა წყალი 2 საათით და ისიც შეგვიწყვიტეს. უკვე ორი თვეა, ვეზიდებით კილომეტრებიდან. ვისაც მანქანა ჰყავს, ის მანქანით ეზიდება, ვისაც არა გვყავს - დღეში რამდენჯერმე ურმით ან ფეხით მოგვაქვს შორი მანძილიდან. ეს არის უკიდურესი მდგომარეობა და იძულებულები გავხდით, რომ დღეს აქციაზე გამოვსულიყავით“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლია ლიჩელი.

მეჯვრისხევში აქციის მონაწილეებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი შეხვდა და ადგილზე გაეცნო შეკრებილი მოსახლეობის მოთხოვნებს. თავზარაშვილის თქმით, დაწყებულია ჭაბურღილის გასუფთავების სამუშაოები და მეჯვრისხევის მოსახლეობის კონკრეტულ ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება უახლოეს დღეებში აღუდგება.

„არის ერთი უბანი, რომელსაც ამ დროისთვის წყალი არ მიეწოდება. მიმდინარეობს ჭაბურღილის ამორეცხვის პროცესი და მშენებლები გვპირდებიან, რომ სამშაბათს ან ოთხშაბათს კონკრეტული უბნის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება“, - განაცხადა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG