Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის სასამართლომ 30 წლით მიუსაჯა პატიმრობა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლს


პარიზის სასამართლომ 30 წლით მიუსაჯა პატიმრობა საფრანგეთის მოქალაქეს, 2013-2015 წლებში ტერორისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" წევრის რანგში სირიაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ტაილერ ვილუსის წინააღმდეგ 3 ივლისს გამოტანილი განაჩენი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როცა საფრანგეთმა წარმატებით განახორციელა სირიაში ჩადენილი დანაშაულების გამო ისლამისტი ექსტრემისტის სამართლებრივი დევნა.

30 წლის ვილუსი, რომელმაც ისლამი ზრდასრულობაში მიიღო, დამნაშავედ სცნეს ტერორისტული ჯგუფის წევრობაში, "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების ხელმძღვანელობაში და დამამძიმებელ პირობებში ჩადენილ მკვლელობაში.

გამომძიებლების თქმით, ვილუსი იყო წევრი დაჯგუფებისა სახელად ალ-მუჰაჯირინი, რომელშიც უცხოელი მეომრები შედიოდნენ, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიიდან და შუა აზიიდან და ისინი ადამიანებს აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. 2015 წელს ალ-მუჰაჯირინი გამოეყო "ისლამურ სახელმწიფოს" და შეუერთდა ალ-ყაიდასთან კავშირის მქონე ორგანიზაცია ალ-ნუსრას ფრონტს.

პროკურორები ვილუსს ბრალად სდებდნენ სიკვდილით დასჯის აქტების ზედამხედველობას, "ისლამური სახელმწიფოს" წამყვანი წევრის რანგში. ამ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ თავის პროპაგანდისტულ არხზე 2015 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ჩანს ვილუსი, რომელიც ორი მეტრის მოშორებით დგას ორი დაჩოქილი და თვალახვეული პატიმრისგან, რომლებსაც შემდეგ სიკვდილით სჯიან.

ვილუსი 2015 წელს, თურქეთში დააპატიმრეს, როცა პრაღაში აპირებდა გამგზავრებას და პროკურორების ვერსიით, მას საფრანგეთში სურდა დაბრუნება, ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით. ვილუსმა აღიარა, რომ კონტაქტი ჰქონდა აბდელჰამიდ აბაუდთან, პირთან, რომელმაც, გავრცელებული ვერსიით, დაგეგმა პარიზში 2015 წელს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები, რომლებსაც 130 ადამიანი შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG