Accessibility links

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ სიტყვაში ტრამპმა ილაპარაკა "ულტრამემარცხენე ფაშიზმის" საფრთხეზე


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უტევს "ახალი ულტრამემარცხენე ფაშიზმი", რომელიც ამერიკული ღირებულებების და ისტორიის წინააღმდეგ "ტოტალიტარულ" ქცევას მიმართავს.

3 ივლისს, რაშმორის მთის ეროვნულ მემორიალთან, დამოუკიდებლობის დღის წინ წარმოთქმულ სიტყვაში ტრამპმა თავის რამდენიმე ათას მხარდამჭერს უთხრა, რომ მონუმენტი, რომელიც ოთხ პრეზიდენტს გამოსახავს, "არასოდეს წაიბილწება". ტრამპმა დაგმო, მისი თქმით, "გაბრაზებული ბრბოები", რომლებიც ძეგლებს ანგრევენ და ქალაქებში "ძალადობრივი დანაშაულის ტალღას" იწვევენ.

ტრამპის ამ მწვავე გამოსვლის ფონია აშშ-ში რასიზმის და უთანასწორობის წინააღმდეგ ერთ თვეზე მეტხანს მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომლებსაც ბიძგი მისცა აფრიკელი-ამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის დაღუპვამ მინეაპოლისის პოლიციის ხელში. აქციების ნაწილი ძალადობრივი იყო და საკუთრების განადგურება მოიტანა, აქტივისტებმა გაანადგურეს ან ზიანი მიაყენეს კონფედერატთა ძეგლებს და მონუმენტებს, რომლებიც ეძღვნებოდა ამერიკის სამოქალაქო ომში მონობის მომხრე სამხრეთს. სხვა აქტივისტები გამოდიან რასიზმის ყველა სიმბოლოს მოხსნის მოწოდებით, იმ დამფუძნებელი მამების ძეგლების ჩათვლით, რომლებიც მონებს ფლობდნენ.

ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ "მემარცხენე კულტურული რევოლუციის მიზანია ამერიკის რევოლუციის დამხობა", ბავშვების ინდოქტრინაცია და ქვეყნის ღირებულებების და ისტორიის წაშლა.

ტრამპის გამოსვლას მოსდევდა ფოიერვერკი, რომლებსაც ათასობით მოქალაქე ადევნებდა თვალს, იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის ეპიდემიას აშშ-ში 125,000-ზე მეტი ამერიკელი ემსხვერპლა და ინფიცირების შემთხვევები კვლავ მატულობს. ღონისძიებაზე არ იყო დაცული სოციალური დისტანცირების ზომები და ბევრ მოქალაქეს არ ეკეთა ნიღაბი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG