Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის სოფლებში ითვლიან სეტყვისგან მიყენებულ ზარალს


ახალციხის სოფლებში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. 5 ივლისს სპეციალური კომისია განადგურებულ მოსავალთან ერთად იმ ინფრასტრუქტურულ ზარალს სწავლობს, რომელიც მოსახლეობას სტიქიის გამო მიადგა.

კომისიას ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. გელა ნოზაძე განმარტავს, რომ 5 ივლისის მონაცემებით, მარტო სოფელ წნისში დაზიანებული 22 საცხოვრებელი სახლია. პირველ ეტაპზე კომისია ექვსივე სოფელში მიყენებულ ზარალს დაითვლის და შედეგებსა და დახმარებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებს.

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ, რომელიც, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა, ახალციხის 6 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. სოფლების - წნისის, მუგარეთის, ფერსის, გიორგიწმინდის, სვირისა და ბოგის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სტიქიამ მოსავალი მათ მთლიანად გაუნადგურა.

ძლიერმა სეტყვამ პრობლემები შექმნა ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც. დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ახალციხე - ბორჯომის ცენტრალური საავტომობილო გზა, რომელიც 4 ივლისის დაახლოებით 20:00 საათისთვის გაიხსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG