Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ თაგილონში არ ადასტურებენ ცნობას მდინარე ენგურში ადამიანების დახრჩობის შესახებ


ენგურზე მოწყობილი ხიდი სოფელ თაგილონთან
ენგურზე მოწყობილი ხიდი სოფელ თაგილონთან

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში მცხოვრები რადიო თავისუფლების რესპონდენტები არ ადასტურებენ გავრცელებულ ცნობას თითქოს მათი სოფლიდან დანარჩენ საქართველოში მიმავალი 4 ქალი საოკუპაციო ხაზის კვეთისას მდინარე ენგურში დაიხრჩო. ამბობენ, რომ სოფელში მსგავსი ფაქტის შესახებ არაფერი სმენიათ.

„ასეთი რამე აქ არ ყოფილა. არავის გაუგია ასეთი რაღაც. ჩვენ სოფელთან ახლოს მდინარეში ვინმე რომ დამხრჩვალიყო, ამას აუცილებლად გაიგებდა მთელი სოფელი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბრისას თაგილონელი რესპონდენტი, რომელსაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების მიზნით არ სურს.

ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი ომარ ბგანბა კი უარყოფს მგზავრების მდინარეში დახრჩობის შესახებ ინფორმაციას. ინტერვიუში, რომელსაც ოკუპირებული გალის რაიონის ტელევიზია ავრცელებს, ბგანბა აცხადებს, რომ ასეთი რამ თაგილონში არ მომხდარა.

მედიის ნაწილმა, 5 ივლისს გაავრცელა ცნობა, თითქოს 4 ქალი მდინარე ენგურში მაშინ დაიხრჩო, როცა ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდა. მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ქართული მხარე ვერ ერთვება რადგან შემთხვევა თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ თაგილონთან მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG