Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას დაესწრო ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში. მან აბიტურიენტებს წარმატება უსურვა:

"მართალი არის, რომ ეს წელი არის ცოტა განსხვავებული. ამ პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციები არის და მე მგონი, ძალიან კარგად მიმდინარეობს, შიგნითაც ვიყავი და ვნახე ყველაფერი ის, რაც არის მომზადებული, რომ მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე ამ პირობებში".

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქვეყნის მომავალი დღევანდელი აბიტურიენტების ხელშია და ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი განაპირობებს მათ და ქვეყნის მომავალსაც.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს აბიტურიენტები ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

კორონავირუსის გამო საგამოცდო ცენტრები ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესებით მუშაობენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG