Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდოდ, აფხაზეთში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდიდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს


განმუხური
განმუხური

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი მამაკაცი.

შუახნის მამაკაცი ზუგდიდის ჰოსპიტალში წუხელ მოათავსეს. ექიმმა თეა პაჭკორიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პაციენტისგან მიღებული ინფორმაციით, ის ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლისას დაჭრეს. ვინ და რა გარემოებებში, ექიმებს პაციენტისგან ინფორმაცია არ აქვთ. დაჭრილს სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტს ჭრილობა აქვს მარცხენა ბარძაყში.

დაჭრის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მედიით გავრცელდა ცნობა, რომ მამაკაცს, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორიდან ფარულად გადადიოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ესროლეს.

განმუხურში ზუგდიდის მერის წარმომადგენელმა ლია ახალაიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ განმუხური-ფიჩორის საოკუპაციო ხაზის მახლობლად ცხოვრობს და წუხელ სროლის ხმა არ გაუგია.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაკეტა, გალის რაიონში მცხოვრებთა ნაწილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გადასვლას მალულად, ზოგჯერ მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG