Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


საქართველოში იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი. პეტერ სიიარტო მაღალი რანგის პირველი უცხოელია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოს სტუმრობს.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სიიარტომ თქვა, რომ საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში დიდ წარმატებას მიაღწია, წარმატება აქვს უნგრეთსაც და მიღწევების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა.

შეხვედრაზე მინისტრებმა ილაპარაკეს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნაზე. პეტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთის ბევრ მოქალაქეს სურს საქართველოში ჩამოსვლა და იმისთვის, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცენ, შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნასა და ინფორმაციის სისტემატურად გაცვლაზე.

სიიარტოს ინფორმაციით, უნგრეთის „ექსიმ ბანკი“ საქართველოსთვის ხსნის 155 მილიონი ევროს საინვესტიციო ხაზს, რომლითაც საქართველოში ინვესტირების მსურველი უნგრელი ბიზნესმენები ისარგებლებენ და თანხა მოხმარდება ერთობლივ ქართულ-უნგრულ პროექტებსაც.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, უნგრეთი იყო ერთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი, როცა ევროკავშირმა საქართველოსთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენი მიდგომა აქაც არის თანმიმდევრული და ძალიან ფრთხილი, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით, რომ მიღწევა, რომელიც გვაქვს როგორც საქართველოს, ისე უნგრეთს პანდემიის კუთხით, არის გასაფრთხილებელი და შესანარჩუნებელი, რათა ზიანი არ მიადგეს მოქალაქეებს. მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის უპირველესი ამოცანა“, - თქვა პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა უნგრეთის და პირადად მინისტრ სიიარტოს მიერ საქართველოს ევროპული და ვეროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზეც.

დღესვე, პეტერ სიიარტო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი იყო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის, ტურიზმის გააქტიურების მნიშვნელობაზე და ითქვა, რომ საერთაშორისო მგზავრობის პირობები შემსუბუქდება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და ფრთხილად, რათა საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მიღწეული შედეგები არ დაზიანდეს.

პეტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა უნგრეთის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG