Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, ამომრჩევლის მოსყიდვის 19 სავარაუდო ფაქტი უკვე გამოვლინდა


"სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, ჯერ კიდევ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 4 თვით ადრე, ამომრჩევლის მოსყიდვის 19 სავარაუდო ფაქტი გამოვლინდა. პირველი შუალედური ანგარიში, რომლის შედეგების პრეზენტაციაც დღეს, 7 ივლისს გაიმართა პირველი ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ 19 სავარაუდო შემთხვევიდან 16 “ქართული ოცნების” პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებზე მოდის, დარჩენილი 3 კი "მოძრაობა მომავლისთვის - მომო"-ზე ("ლელოსთან" დაკავშირებული).

გარდა ამისა, ორგანიზაციის დაკვირვებამ აჩვენა, რომ გამოვლინდა სახელმწიფო რესურსების გამოყენების სავარაუდო შემთხვევა (2), დამკვირვებლებზე ზეწოლის (1), პოლიტიკურ საქმიანობაში ხელშეშლისა (2) და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის (1) სავარაუდო ფაქტები.

"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაიშალა - პარლამენტის პარტიული მაჟორიტარი დეპუტატები სოციალური დახმარების გაცემაში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ამის აფიშირებას ახდენდნენ:

"ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების და თანასწორი გარემოს შესანარჩუნებლად მკაფიო ხაზები გაივლოს სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებულ პროექტებსა და პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების საქმიანობას შორის".

მათვე აღმოაჩინეს, რომ მარტ-ივნისში საქართველოს პარლამენტის ცალკეულმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მათ სასურსათო ან/და სამედიცინო პაკეტები გადასხეს, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. იმავე დარღვევას ხედავს "სამართლიანი არჩევნები" "ლელო საქართველოს" შემთხვევაშიც - მასთან აფილირებული ორგანიზაციის "მოძრაობა მომავლისთვის - მომომ" სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა, ხოლო გორსა და თელავში მოქალაქეებს სოციალურად დაეხმარა.

"სამართლიანი არჩევნების" სხვა მიგნებები:

  • მუნიციპალიტეტებში განცხორციელებულ საქველმოქმედო აქციებში, კერძოდ, დახმარების მოსახლეობისთვის გადაცემის/განაწილების პროცესში, ჩართული იყვნენ პოლიტიკური პარტიების, უმთავრესად, მმართველი ძალის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები;
  • სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ბეჭდვითი საინფორმაციო გამოცემა - "ჩვენი სოფელი", მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო აგიტაციის ნიშნებს შეიცავს;
  • მათი შეფასებით, სავარაუდოდ, პედაგოგების ფართო აუდიტორიის გულის მოგებას ემსახურება, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ, პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის დაგეგმილი სავალდებულო გამოცდის შემოდგომისთვის გადადება;
  • ორგანიზაცია მის დამკვირვებელზე ზეწოლაზეც საუბრობს - "მიანიშნეს, რომ, აქტიურობის შემთხვევაში მის ბიზნესს პრობლემები შეექმნება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG