Accessibility links

2 აბიტურიენტს, რომლებიც 6 ივლისს გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არ დაუშვეს, COVID-19 არ დაუდასტურდათ


2 აბიტურიენტს, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 6 ივლისს მაღალი ტემპერატურის გამო არ დაუშვეს, PCR ტესტირების შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა, ამ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემათ:

„ჩვენ სამინისტროსთან ერთად ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შევძლოთ და ეს აბიტურიენტები ჩავრთოთ საგამოცდო პროცესში“, - უთხრა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს. მისი განცხადებით, საგამოცდო პროცესმა 7 ივლისს მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, გამოცდიდან არ მოხსნილა არავინ, სარეზერვო სექტორში განთავსდა რამდენიმე აბიტურიენტი, რომელთაც დაბალი ტემპერატურა აღმოაჩნდათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.

გამოცდების პირველ დღეს, 6 ივლისს, საგამოცდო პროცესს 4 აბიტურიენტი გამოეთიშა - მათგან ორს რეკომენდებულზე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ერთს დააგვიანდა, ერთს კი მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG