Accessibility links

რუსეთში დააპატიმრეს „კომერსანტის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნატოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის


ივან საფრონოვის დაკავება

7 ივლისს რუსეთში დააპატიმრეს სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორის, დმიტრი როგოზინის, თანაშეწმე, გაზეთ „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილი ჟურნალისტი, ივან საფრონოვი, რომელიც ეჭვმიტანილია ნატოსათვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციების გადაცემაში.

ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს „როსკოსმოსი“, რომელიც აცხადებს, რომ სახელმწიფო კორპორაცია ყოველმხრივ დახმარებას უწევს საგამოძიებო ორგანოებს მიუხედავად იმისა, რომ საფრონოვის მიერ ჩადენილი შესაძლო ღალატი, უწყების ცნობით, არ უკავშირდება მის კოსმოსურ სააგენტოში მუშაობის პერიოდს.

სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს საფრონოვის დაკავების მომენტი.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურზე (ФСБ) დაყრდნობით იუწყებიან, რომ საფრონოვი ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურზე მუშაობდა.

წინასწარი ინფორმაციით, საქმეში არსებული გასაიდუმლოებული მასალების გამო, სასამართლო დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

ცნობილია, რომ გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტი ივან საფრონოვი და გაზეთის კიდევ ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს 2019 წლის მაისში, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG