Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდელაკი: ფაქტი მეტყველებს ივანიშვილის მმართველობის გაგრძელების წინააღმდეგ


ბიძინა ივანიშვილის მმართველობის გაგრძელებას, ვაშინგტონში ამერიკისა და საქართველოს ინტერესების შეუსაბამოდ მიიჩნევენ, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის ქვეკომიტეტის მიერ დამტკიცებული პროექტი საქართველოსთვის გამიზნული დახმარების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„რანაირი დასკვნაც არ უნდა შესთავაზოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო მდივანმა (მაიკ) პომპეომ, უკვე თავისთავად ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტი ასეთი მუქარით საჯაროდ გამოდის საქართველოს წინააღმდეგ, ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს - ვაშინგტონში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დედაქალაქში, არსებობს უკვე გამოკვეთილი აზრი და შეხედულება იმის შესახებ, რომ (ბიძინა) ივანიშვილის მმართველობის გაგრძელება არ შეესაბამება არც საქართველოს და არც ამერიკის ინტერესებს“, - აცხადებს კანდელაკი.

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის ქვეკომიტეტმა 6 ივლისს დაამტკიცა საბიუჯეტო კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების შესაძლო შემცირებას გულისხმობს. ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლასა თუ ბიზნესის მდგომარეობას უკავშირდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბიუჯეტო კანონის მიხედვით საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 132 025 000 დოლარი. თუმცა ლაპარაკია ასევე, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გამოსაყოფი თანხის 15% შესაძლოა არ იქნას გაცემული - „ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამოიკვლევს და არ მოახსენებს ასიგნებების კომიტეტს იმის შესახებ, რომ მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ოპოზიციის შეფასებებს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ კონგრესს არანაირი დოკუმენტი არ დაუმტკიცებია. ხელისუფლების შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს, თავისი წინასაარჩევნო კამპანია სიცრუეზე ააგოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG