Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროებამ ანექსირებულ ყირიმში 6 ყირიმელი თათარი დააპატიმრა


ყირიმელი თათრების სახლების ჩხრეკვა
ყირიმელი თათრების სახლების ჩხრეკვა

აკრძალულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდების გამო რუსეთის უშიშროების სამსახურმა (ФСБ) 7 ივლისს დააპატიმრა ექვსი ყირიმელი თათარი და ჩხრეკა ჩაატარა მათ სახლებში.

გავრცელებული ცნობით, ემილ ზიადინოვი, ისმეტ იბრაგიმოვი, ალიმ სუფიანოვი, სეირან ხაიარატდინოვი, ალექსანდრა სიზიკოვა და ზეკირ მურატოვი სამართალდამცველებმა დააკავეს 205-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას.

რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ) ცნობით, დაკავებულებს ბრალი ედებათ რუსეთში აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაცია „ხიზბ უტ-ტახრირთან“ თანამშრომლობაში.

რუსეთის უშიშროების მიერ ყირიმში ჩატარებული ჩხრეკისა და დაპატიმრების მორიგ ტალღას გამოეხმაურა ცნობილი უკრაინელი რეჟისორი ოლეჰ სენცოვი, რომელმაც ამ ნაბიჯს უწოდა „რეპრესიები“ მიმართული ანექსირებულ ყირიმში მცხოვრები „დაუმორჩილებელი“ ყირიმელი თათრების წინააღმდეგ.

„ოკუპანტები ყირიმში აგრძელებენ რეპრესიებს ნახევარკუნძულის ძირძველი მოსახლეობის წინააღმდეგ. ისევ აპატიმრებენ ყირიმელ თათრებს და ჩხრეკენ მათ სახლებს. ФСБ-მ ექვსი ადამიანი დააპატიმრა. 205-ე მუხლი, ტერორიზმის ბრალდება, ჩემთვის ცნობილია. რუსები მას აკერებენ ყველა მოწინააღმდეგეს. გამაგრდით, დაუმორჩილებლებო, ჩვენ აუცილებლად გაგათავისუფლებთ თქვენ და თქვენს მშობლიურ ყირიმს მტრებისაგან“, - დაწერა სენცოვმა ფეისბუკში.

რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლის ზაფხულში მიიერთა სამხედრო აგრესიის ფონზე ჩატარებული უკანონო რეფერენდუმის საფუძველზე.

აშშ, ევროკავშირი და მათი მოკავშირეები ყირიმის ნახევარკუნძულს უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევენ და რუსეთის მიმართ მეექვსე წელია ატარებენ ეკონომიკური სანქციების პოლიტიკას ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG