Accessibility links

კახა კალაძე: ვიწყებთ სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზის პროექტზე მუშაობას


კახა კალაძე, თბილისის მერი.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს საბაგირო პროექტების განხორციელება.დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ მერმა 8 ივლისს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო ხაზის პროექტირებაზე მუშაობა. კერძოდ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე თვეში მერია პროექტის დამუშავების მიზნით კონსულტანტს დაიქირავებს, წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში კი მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. სამგორი -ვაზისუბნის პროექტს, მერის თანახმად, მოგვიანებით მეორე, სარაჯიშვილი ზღვის-უბნის პროექტის განხორციელება მოჰყვება.

„სამგორი-ვაზისუბნის პროექტზე უკვე თანხები გამოყოფილია, დაახლოებით 30 მილიონ ევროზეა საუბარი. მე მინდა საფრანგეთის განვითარების ფონდს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს, 40 000-ზე მეტი მაცხოვრებელია, მეტროსადგურ სამგორთან დააკავშირებს, რაც არსებითად გააუმჯობესებს მოცემულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მდგომარეობას. რაც შეეხება სარაჯიშვილი-ზღვის უბნის საბაგიროს, ხაზები მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიას ზღვის უბნის დასახლებასთან დააკავშირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, 2016 წელს, მერიის დაკვეთით, საფრანგეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით საკონსულტაციო კომპანია „სისტრამ“ თბილისში პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირება განახორციელა. ამ კვლევაზე დაყრდნობით კი კონკრეტულ კომპანია „გეოგრაფიკმა“ კონკრეტული საბაგირო პროექტები გამოკვეთა.

„2016 წლის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნის და სამება-მახათის მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. ამ 12 დერეფნიდან გამოიკვეთა 2 კონკრეტული არეალი, სადაც ყველანაირად მიზანშეწონილია პროექტების განხორციელება", - განაცხადა კახა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG