Accessibility links

თბილისის მერია მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზებას გეგმავს


თბილისის მერია მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზების მიზნით აუქციონის გამოცხადებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, 8 ივლისს, მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლიკლინიკების პრივატიზების პირობა იქნება საინვესტიციო ვალდებულებებისა და არსებული პროფილის მუდმივად შენარჩუნება.

„მუნიციპალურ პოლიკლინიკებში საშინელი მდგომარეობა გვაქვს. აღნიშნული შენობები ათეულობით წლის წინ აშენდა და დღემდე, არც ნორმალური რეკონსტრუქცია, რემონტი და სამედიცინო მოწყობილობების განახლება არ მომხდარა. აპარატურა, ფაქტობრივად, არ არსებობს. აღნიშნული პრობლემა მოსაგვარებელია. არ არის სახარბიელო მდგომარეობა და იქ მომუშავე ადამიანებისთვისაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზაა, პროექტი თავად მუნიციპალიტეტმა განახორციელოს, თუმცა ამის შესაძლებლობა მას არ აქვს:

"არსებული რეალობიდან გამომდინარე, მე პანდემია და კოვიდ-19 მაქვს მხედველობაში, იცით, რომ მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა მუნიციპალიტეტს. ჩვენ დაახლოებით მინუს 200 მილიონი გვაქვს, 150 მილიონი საშემოსავლო ნაწილში და 50 მილიონი, რომელიც ჩამოგვეჭრა და ეს თანხა გადანაწილდა სხვადასხვა პრიორიტეტებისათვის. შესაბამისად, ამ პროექტს მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, პოლიკლინიკების პრივატიზება ისე უნდა მოხდეს, რომ დაწესებულებებმა სტატუსი, თანამშრომლებმა კი სამსახური შეინარჩუნონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG