Accessibility links

ახალგორელი აქტივისტის ცნობით, 5 ახალგაზრდას ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მისცეს


ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად გამოუშვებენ ხუთ ახალგაზრდას. ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება „ეხო კავკაზას“ აცნობა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა. აქტივისტის თქმით, „მათთვის გზა გაიხსნება“.

რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა ახალგორელი აბიტურიენტები გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისგან, რადგან სახლში დაბრუნებას ვეღარ შეძლებდნენ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები ე.წ. საზღვრების დაკეტვის გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ვერ მონაწილეობენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და სწავლის საფასურს სახელმწიფო გადაუხდის.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მარტში დაკეტა კორონავირუსის პანდემიის გამო. მარტის შემდეგ „საზღვარი“ რამდენჯერმე, ჰუმანიტარული მიზნით გახსნეს.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში დაკეტა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG