Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მინიმუმ ექვსი პოლიციელი დაიღუპა თალიბების ორი თავდასხმის შედეგად


ავღანეთში მინიმუმ ექვსი პოლიციელი დაიღუპა თალიბების მიერ განხორციელებული ორი სხვადასხვა აფეთქების შედეგად ქვეყანაში თავდასხმების გახშირების ფონზე.

8 ივლისს სამი პოლიციელი დაიღუპა და 20 ადამიანი დაიჭრა სატვირთო ავტომანქანის აფეთქების შედეგად სამხრეთში მდებარე პროვინცია ყანდაარში. დაჭრილთა შორის არიან შაჰ-ვალი-კოტის ოლქის პოლიციის უფროსი და სამოქალაქო პირები. აფეთქებამ დააზიანა პოლიციის განყოფილება და ახლომდებარე შენობები.

პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის, აჰმად ბაჰირ აჰმადის თქმით, სამართალდამცავებმა თვითმკვლელ ტერორისტს ესროლეს, სანამ ის მიზანს მიაღწევდა, მაგრამ ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

მეორე აფეთქება მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ღაზნიში. ხელისუფლების თანახმად, გზის პირას დამონტაჟებულ ბომბს ემსხვერპლა სამი პოლიციელი, მათ შორის დაიაკის ოლქის პოლიციის უფროსი. პოლიციის უფროსი საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს ამოწმებდა, როცა თავდასხმა მოხდა, განაცხადა პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერმა ვაჰიდულა ჯამაზადამ.

ორივე თავდასხმისთვის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG