Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხსნეს ახალგორის განათლების განყოფილების გამგე, რომელმაც ქართული სკოლის დირექტორი გაუშვა


ახალგორი
ახალგორი

ოკუპირებული ახალგორის დე ფაქტო განათლების განყოფილების გამგე ჰამლეტ (გაბო) ელოევი დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ახალგორელმა წყარომ მიაწოდა. დე ფაქტო განათლების სამინისტროდან მისი გათავისუფლების მიზეზს ჯერ არ ასახელებენ, თუმცა 8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახალგორის ქართული სკოლის დირექტორმა ნინო ამირანაშვილმა საკუთარი უფლებების დასაცავად ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიმართა. ამირანაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებას ასაჩივრებს და სამსახურში აღდგენას ითხოვს.

დირექტორი თანამდებობიდან მიმდინარე წლის 3 თებერვალს გაათავისუფლეს - მას შემდეგ, რაც მან წეროვნის დევნილთა დასახლებიდან ახალგორში სასწავლად გადასული მოსწავლეების სკოლიდან გარიცხვაზე უარი თქვა. სკოლიდან ბავშვების გარიცხვას მას ელოევი აიძულებდა. უკავშირდება თუ არა ელოევის გათავისუფლება ამირანაშვილის სარჩელს ეს ჯერჯერობით უცნობია.

ამ თემაზე რადიო თავისუფლებამ 8 ივლისს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

ახალგორელ დირექტორს და პედაგოგებს პრობლემები მას შემდეგ დაეწყოთ, რაც დაბაში განათლების განყოფილების ახალი უფროსი დანიშნეს. ყოფილმა მილიციელმა, ჰამლეტ (გაბო) ელოევმა, დირექტორებსა და მასწავლებლებს მოსთხოვა ხელწერილები დაეწერინებინათ იმ მშობლებისთვის, რომლებსაც ბავშვები წეროვნიდან ახალგორში გადაჰყავდათ. მშობლებს ხელწერილში უნდა აღენიშნათ, რომ მათი შვილები სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას არ გააგრძელებდნენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში. თუ ამას არ დაწერდნენ, ბავშვებს სკოლის დამამთავრებელ ატესტატს არ მისცემდნენ.

რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ინფორმაციით, პირველი სკოლის დირექტორმა, ნინო ამირანაშვილმა, ამ დავალების შესრულებაზე უარი თქვა და ელოევს აუხსნა, რომ ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო, ამის შემდეგ კი მას პრობლემები შეექმნა, რაც მისი გათავისუფლებით დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG