Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში აქცია ისევ მასობრივ არეულობაში გადაიზარდა


ბელგრადში გასულ ღამითაც არეულობებში გადაიზარდა კორონავირუსის გამო კარანტინის გამოცხადების მოწინააღმდეგეთა მასობრივი საპროტესტო გამოსვლა. პოლიციამ სერბეთის პარლამენტთან აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებს ქვები დაუშინა.

ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციელები აქციის მონაწილეებს ხელკეტებით სცემენ. დემონსტრანტების ძალით დაშლის გამო შეშფოთება გამოთქვა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა.

საპროტესტო გამოსვლები 7 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, 10 ივლისის საღამოს 6 საათიდან სამი დღით ბელგრადში ამოქმედდება კომენდანტის საათი და ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება ხუთზე მეტი პირის ერთად შეკრება. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. 7 ივლისს, დემონსტრანტების რადიკალურად განწყობილმა ნაწილმა პოლიციელებს ქვები დაუშინა და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ხელისუფლების ინფორმაციით, 7 ივლისის აქციის დროს დაშავდა სულ მცირე 60 ადამიანი, მათ შორის 43 პოლიციელი. აქციის 20 მონაწილე დააკავეს.

8 ივლისს საპროტესტო გამოსვლები დაიწყო სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადშიც. დემონსტრანტების ნაწილმა რეგიონული მაუწყებლის ოფისში შეჭრა სცადა. პოლიციის წინააღდეგობის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები ქალაქის მერიისკენ დაიძრნენ. ზოგიერთმა დემონსტრანტმა მერიის შენობას ქვები დაუშინა.

8 ივლისს საღამოს, პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათის დაწესებაზე შესაძლოა, უარი თქვას, მაგრამ ბელგრადში შეზღუდვები აუცილებლად გამკაცრდება. სერბეთის ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს, 9 ივლისს მიიღებს.

სერბეთის პრეზიდენტმა კომენდანტის საათის გამოცხადება აუცილებლად ჩათვალა მას შემდეგ, რაც ერთ დღეში დაფიქსირდა კორონავირუსის 300-მდე ახალი შემთხვევა და 13 ადამიანის გარდაცვალება. ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

სერბეთის ხელისუფლებამ მარტიდან დაწესებული შეზღუდვები ივნისში გააუქმა. ალექსანდრ ვუჩიჩის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი იყო და უკავშირდებოდა პრეზიდენტის სურვილს, 21 ივნისს ჩაეტარებინა საპარლამენტო არჩევნები. ვუჩიჩის პარტიამ არჩევნებში ხმების 60%-ზე მეტით გაიმარჯვა.

სერბეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 17 000-ს აჭარბებს. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 13 000-ზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილია 340-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG