Accessibility links

ცალკე დაიწყო შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ტელეფონში პირადი ცხოვრების კადრებზე საქმის გამოძიება


საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე აღიძრა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, საქმის აღძვრის საფუძველი გახდა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ფიგურანტის ტელეფონში აღმოჩენილი კადრები:

„გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. აღნიშნულის გამო, 2020 წლის 09 ივლისს, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში, რომლის თანახმადაც საქმე სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა და გამოსაძიებლად თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გადაეცა.

პროკურატურის თანახმად, საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების, ასევე შენახვის კანონიერების საკითხი. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მიერ დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებსაც.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ გამოძიებამ მას შეცდომით მიაწოდა საქმის მონაწილე ერთ-ერთი პირის ტელეფონიდან ამოღებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, რომელსაც საქმესთან კავშირი არ აქვს. ტელეკომპანიასთან ადვოკატმა განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს და ხელწერილის დადება სთხოვეს, რათა ფოტო-ვიდეო მასალა არ გაესაჯაროვებინა. ვასილ მამულაშვილმა ფორმულას უთხრა, რომ ხელწერილზე ხელი არ მოუწერია, რადგან მათ მიერ მასალის გავრცელების საშიშროება არ არსებობდა, თუმცა მოითხოვა გადმოცემული მტკიცებულებების განადგურება.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის კვალი 18 ივნისს დაბადების დღის წვეულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის შემდეგ დაიკარგა და ის 4 დღის შემდეგ მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. ექპერტიზას მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დაუდგენია. უშუალოდ მისი გარდაცვალების საქმეზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა იმ ღამით მომხდარი ჩხუბის გამო 17 პირს თავისუფლება აქვს აღკვეთილი.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

ყველა ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთად

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG