Accessibility links

უზენაესი სასამართლო: ტრამპის ფინანსებზე ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს პროკურორს, კონგრესს - ჯერ არა


აშშ-ის უზენაესი სასამართლო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციები და ფინანსური ხასიათის სხვა ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს ნიუ-იორკის პროკურორს, საირუს ვენსს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დოკუმენტებზე წვდომას ამ მომენტისთვის არ მიიღებს.

დონალდ ტრამპი წლების განმავლობაში ამბობს უარს, გაასაჯაროვოს თავისი საგადასახადო დეკლარაციები.

დაბალი ინსტანციის სასამართლოებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოიტანეს განაჩენი, მაგრამ ისინი გადაიდო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.

ტრამპი პირველი პრეზიდენტია რიჩარდ ნიქსონის 1970-იან წლებში მმართველობის შემდეგ, რომელსაც არ გამოუქვეყნებია თავისი საგადასახადო დეკლარაციები.

ვენსი და წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და რეფორმების კომიტეტები ცდილობენ მოიპოვონ ტრამპის საფინანსო ინფორმაცია, ვინაიდან არსებობს ვარაუდი ფარული ანგარიშსწორების შესახებ, რომელიც ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა განახორციელა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს.

როგორც ვარაუდობენ, ანგარიშსწორება გამიზნული იყო იმისთვის, რომ ორ ქალს არ განეცხადებინა ტრამპთან მრავალი წლის წინანდელი ფარული ურთიერთობების შესახებ. ტრამპი უარყოფს ამ ქალებთან ურთიერთობის ქონას.

დემოკრატების ლიდერთა თქმით, უზენაესი სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვტეილებამ აჩვენა, რომ არც პრეზიდენტი დგას კანონზე მაღლა.

პროკურორმა საირუს ვენსმა სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა აშშ-ის სასამართლო სისტემის დიდი გამარჯვება, რომელმაც აჩვენა, „რომ არავინ - მათ შორის არც პრეზიდენტი - არ დგას კანონზე მაღლა.“

როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ წარმომადგენელთა პალატას არ მისცა წვდომა ტრამპის დოკუმენტებზე, მაგრამ ამისკენ „გზა გაუხსნა“.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მართალია, მანჰეტენის ოლქის პროკურორს, საირუს ვენსს ენიჭება უფლება, მიიღოს დოკუმენტებზე წვდომა, მაგრამ ისინი მალე არ გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი.

ტრამპის საფინანსო დოკუმენტაციის შესახებ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ხმების თანაფარდობით 7-2. საგულისხმოა, რომ ვენსისთვის დოკუმენტაციის გადაცემას მხარი დაუჭირა ტრამპის მიერ დანიშნულმა ორმა მოსამართლემაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG