Accessibility links

რას იტყვის ექსპერტიზა შაქარაშვილის საქმეზე? - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 ივლისს


გამომძიებლის პატაკით, „ჰიუნდაის“ მძღოლი დეტალურ ინფორმაციას ფლობს შაქარაშვილის საქმეზე

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სტატუსითაა გამოკითხული გამომძიებელი ილიკო მამულია, რომელიც 4 ივლისს მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ მის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, შავი ფერის „ჰიუნდაის“ მძღოლი დეტალურ ინფორმაციას ფლობს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

4 ივლისსვე, გამომძიებელი პატაკით მიმართავს შს სამინისტროს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს და წერს:

ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს პირი ფლობს დეტალურ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, 2020 წლის 18 და 19 ივნისის მომხდარ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის და სხვაგვარი ძალადობის ფაქტებზე“.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია შავი ფერის „ჰიუნდაისა“ და მისი მძღოლის შესახებ თავდაპირველად იმ ტაქსის მძღოლის ჩვენებაში გამოჩნდა, რომელმაც ინციდენტის ღამეს, არაგვის ხიდიდან საქმის მთავარი მოწმეები, ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე წამოიყვანა.

ის ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მანქანაში ვახტანგ ახვლედიანი და საქმის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი ქათამაძე ჩაისვა, შენიშნა შავი ფერის „ჰიუნდაი“, რომელსაც მათი ნაცნობი და „უბნელი“ მართავდა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

შაქარაშვილის ბიძის ინფორმაციით, დღეს გახდება ცნობილი ექსპერტიზის შედეგები

ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ გუშინ განაცხადა.

ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა თქვას, რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი. ინფორმაციას დღეს შსს გაასაჯაროებს.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

"ქართული ოცნების" შემომწირველები სახელმწიფოსთან მილიონობით ლარის ხელშეკრულებებს დებენ - TI

მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიები და შემომწირველ პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფოსთან მილიონობით ლარის ღირებულების ხელშეკრულებებს დებდნენ. ასეთია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის შედეგები, რომელიც 2019 წლის პერიოდის დაკვირვებას ასახავს.

ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ "ქართულ ოცნების" შემომწირველმა 9 კომპანიამ და შემომწირველებთან დაკავშირებულმა 15-მა კომპანიამ (16 თვეში) 15 750 924 ლარის ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე გააფორმეს, 126 092 739 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერები მოიგეს. შემომწირველებმა კი პარტიის დაფინანსებისთვის 1 745 000 ლარი გაიღეს.

მაგალითად, 2019 წელს შპს-მ "გ & კ ტექნოლოგი" და მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა "ქართულ ოცნებას" ჯამში 100 ათასი ლარი შესწირეს. კომპანიამ 16 თვის განმავლობაში 8 ტენდერი მოიგო, რომელთა ღირებულება 28 376 575 ლარი იყო.

"წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" დიდი თანხით აფინანსებს. ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

წაიკითხე მეტი.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია საკლუბო კარიერას მოსკოვის „ცსკა“-ში გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, რუსეთის დედაქალაქის არმიის კლუბმა ოფიციალურად დღეს დაადასტურა.

„ცსკა“-ს ვებსაიტმა სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელიას პირველი კომენტარიც გამოაქვეყნა:

„ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ჩარიცხვით და მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ ბრწყინვალე მოთამაშეების გვერდით და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, „ცსკა“-სთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე“, - განაცხადა 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა.

ამ ინფორმაციას კი ფეისბუკში ქართველი გულშემატკივრების მწვავე შეფასებები მოჰყვა.

ნათესაობა და მეგობრობა, როგორც "კლანის" საყრდენი?

ოჯახის წევრებთან, ნათესავებსა და ახლობლებთან ერთად მუშაობა სასამართლოს სისტემაში - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა 9 ივლისს გამოაქვეყნა კონკრეტული ფაქტები, რომლებიც, მისი შეფასებით, ნეპოტიზმის ნიშნებს ასახავს.

კორუფციის ერთ-ერთ გამოკვეთილი ფორმა - ნეპოტიზმი - ე.წ. კლანის საყრდენად განიხილება. გამოქვეყნებული ფაქტების შესწავლას გეგმავს არასამთავრობო სექტორი, რომელიც ასევე მუდმივად მიუთითებს სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან ნაკლოვანებებზე. მართლმსაჯულების სისტემის მიმართ კრიტიკა მუდმივად იკვეთება საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებშიც. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წიაღში განხილული საბიუჯეტო კანონპროექტის მიხედვით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ბედი სასამართლო სისტემის მდგომარეობაზეც იქნება დამოკიდებული.

ყველაფერი, რაზეც მე ვსაუბრობ, შეიძლება გადამოწმდეს და დადასტურდეს საჯარო წყაროებით“, - გვეუბნება ნაზი ჯანეზაშვილი 9 ივლისს გამოქვეყნებულ ფაქტებთან დაკავშირებით. არ უკვირს, მისთვის უკვე დიდი ხანია ცხადია, რომ - კვალიფიციური და გამოცდილი კადრებისთვის ჩაკეტილი სასამართლო სისტემა ამავდროულად ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის“.

ჯანეზაშვილის სია ამჯერად 8 მოსამართლესა და სისტემასთან დაკავშირებულ სხვა ფიგურებს უკავშირდება.

წაიკითხე მეტი.

კოვიდ-19 მხოლოდ რესპირატორული ინფექცია არ არის. სულ უფრო მეტად მტკიცდება, რომ მას ზეგავლენა აქვს ნერვიულ სისტემაზე, შეუძლია მრავალგვარი - მეხსიერების დაკარგვიდან დამბლამდე - გართულება გამოიწვიოს. ბევრ პაციენტს დიდხანს ტანჯავს საკუთრივ ინფექციის შემდგომი გართულებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG