Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან გააპროტესტეს ელექტრონული კომუნიკაციის კანონში შესატანი ცვლილებები


მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტთან გააპროტესტეს მთავრობის ინიციატივით ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის კანონებში შესატანი ცვლილებები. მათი საკომიტეტო განხილვები დღეს დაიწყო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, ნაჩქარევად, ექსპერტების მონაწილეობის გარეშე მომზადებული კანონპროექტები არსებითად აუარესებს გამოხატვის თავისუფლებას.

სალაძის განმარტებით, ეს ცვლილებები კომუნიკაციების კომისიას აძლევს საშუალებას, „გრძელი ხელით“ მუდმივად ერეოდეს მაუწყებლების და ელექტრონული კომუნიკაციების სუბიექტების საქმიანობაში.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ტყუილი უწოდა კომუნკაციების კომისიის განცხადებას, რომ ცვლილებები მედიას არ ეხება: „საქართველოში ვიცით არაერთი სუბიექტი, რომელიც ექცევა როგორც ელექტრონული კომინიკაციების რეგულირების სფეროში, ასევე მაუწყებლობის კანონმდებლობის რეგულირების სფეროში“.

სალაძის თქმით, ნიშანდობლივია, რომ კომისიას პრაქტიკულად უაპელაციოდ ექნება დროებითი მმართველების დანიშვნის საშუალება და საგულისხმოა, რომ ამ სფეროში დასაქმებული სუბიექტები ცვლილებებს აფასებენ ჩარევად საკუთრების უფლებაში.

„ეს აღარ არის მხოლოდ მედიის და მისი მხარდამჭერების განცხადება. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ მარეგულირებელი კომისია და დიდი ალბათობით, უშუალოდ მთავრობაც კომისიის საშუალებით, ითავისუფლებს სივრცეს, რათა საჭიროების მიხედვით შეძლოს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

ცვლილებების მოწინააღმდეგეებს ეჭვს უჩენს ის ფაქტიც, რომ კანონპროექტები არ იყო პარლამენტის საგაზაფხულო სესისთვის მთავრობის მიერ ინიცირებულ დოკუმენტებს შორის, ამიტომ, აინტერესებთ, რატომ ახლა და ამ ფორმით და რა მიზანს ემსახურება რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვა.

როგორც სულხან სალაძემ თქვა: „არის ეს ინდივიდუალურად რომელიმე კომპანიის მიმართ ანგარიშსწორება, თუ არის უფრო შორს მიმავალი გეგმის ნაწილი, რომელიც მედიაში გრძელი ხელის ფათურს ნიშნავს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG