Accessibility links

აშშ-ში კვლავ მოიმატა კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა


ენტონი ფაუჩი

აშშ კვლავ იმყოფება კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკმაოდ რთულ და პრობლემებით აღსავსე პერიოდში, - ამის შესახებ აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა მას შემდეგ, რაც 9 ივლისის მონაცემებით აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ის ინფექციით 1000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ ენტონი ფაუჩის, თანახმად, კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვალების მატება ხდება იმ ფონზე, როდესაც ბევრმა შტატმა იმაზე ბევრად უფრო ადრე მოხსნა შეზღუდვები ბიზნესზე და შეამსუბუქა მკაცრი ზომები, ვიდრე ინფექციის დონის კლება შეუქცევადი გახდებოდა.

შედეგად, კორონავირუსის შემთხვევების მატებამ კვლავ გამოიწვია საავადმყოფოების პაციენტებით გადავსება და აიძულა რამდენიმე შტატი, გაემკაცრებინათ ზომები ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ენტონი ფაუჩის მიერ გაკეთებული ამ განცხადების ფონია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის განახლებული სტატისტიკა, რომლის თანახმად, აშშ-ში წუხელ გამოვლინდა COVID-19-ის ინფექციით დაავადებული 65 000-ზე მეტი ადამიანი.

COVID-19-ის მსოფლიო რუკაზე აშშ პირველ ადგილზეა 3,1 მილიონზე მეტი დაავადებულითა და 133 291 გარდაცვლილი პაციენტით.

რაც შეეხება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნში კვლავ სავალდებულო გახდა ქუჩებში პირბადეებით სიარული მას შემდეგ, რაც ვიქტორიას შტატში ერთ დღეში რეკორდული მაჩვენებელი - კორონავირუსის 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG