Accessibility links

"ლელომ" შესაძლოა, პოლიციას პროკურატურაში უჩივლოს


„ლელო” პოლიტიკური დევნის კლასიკურ მაგალითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პოლიციამ მოძრაობის წევრები არ შეუშვა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში.

„ლელოს“ წარმომადგენლები დიცის მოსახლეობასთან შეხვედრას 9 ივლისს აპირებდნენ, თუმცა, პოლიციის საგუშაგოსთან გააჩერეს და გზის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ გორში დღეს, 10 ივლისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებას პოლიტიკური და სამართლებრივი მხარე აქვს: „სამართლებრივად მიმოსვლის უფლება, ისევე, როგორც შეკრების უფლება, არის კონსტიტუციით გარანტირებული და უკანონოა, როდესაც რომელიმე პოლიციელი ზემდგომის ბრძანების მიხედვით აფერხებს ამ კონსტიტუციურ უფლებას. სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი პოლიტიკურ საქმიანობაში ხელისშეშლის შესახებ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პოლიტიკურ საქმიანობაში ხელისშეშლა არის დანაშაული“.

„ლელოს“ წევრის, სოსო ვახტანგაშვილის შეფასებით, ირღვევა წინასაარჩევნო პერიოდში კამპანიის წარმოების უფლებაც, რადგან ხელისუფლება ოპოზიციას უსპობს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრის შესაძლებლობას მაშინ, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეუზღუდავი გადაადგილების უფლებით სარგებლობენ.

„ლელოს“ გადაწყვეტილებით, პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები უახლოეს ხანში ისევ გაემგზავრებიან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისკენ და თუ პოლიცია გადაადგილებას ისევ შეუზღუდავთ, სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG