Accessibility links

მაიკ პომპეო „ყალბს“ უწოდებს გაეროს ექსპერტის დასკვნას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაამართლა აშშ-ის უპილოტო ავიაციის იერიში, რომელსაც გავლენიანი ირანელი გენერლის, „ირანის სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდლის, ყასემ სოლეიმანის განადგურება მოჰყვა და, რასაც გაეროს უფლებადამცველმა ექსპერტმა „გაუსამართლებლად ჩადენილი მკვლელობა“ უწოდა.

მაიკ პომპეომ „ყალბი“ უწოდა გაეროს მთავარი მომხსენებლის, ანიეს კალამარის დასკვნას, რომელიც 7 ივლისს გამოქვეყნდა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ ტრანსპარენტულია საავიაციო იერიშის საერთაშორისო-სამართლებრივი საფუძვლების საკითხში და ამის დასტურად მოიყვანა წერილი, რომელიც ვაშინგტონმა გაუგზავნა გაეროს უშიშროების საბჭოს.

წერილში ახსნილი იყო, რომ იანვრის დასაწყისში განხორციელებული საავიაციო იერიში ეფუძნებოდა „აშშ-ის აუცილებელი თავდაცვის უფლებას“, რასაც არ იზიარებს გაეროს მომხსენებელი.

„გენერალ-მაიორი ყასემ სულეიმანი სირიასა და ერაყში, ირანის სამხედრო სტრატეგიასა და ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირი იყო. მაგრამ მისგან მომდინარე, სიცოცხლისათვის რეალურად გარდაუვალი საფრთხის არარსებობის გამო, აშშ-ის მიერ განხორციელებული მოქმედებები იყო უკანონო“, - წერს გაეროს სპეციალური მომხსენებელი, ანიეს კალამარი, 7 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ავტორიტეტიანი გენერლის მოკვლის პასუხად, ირანმა 8 იანვარს ბალისტიკური რაკეტები დაუშინა ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას, რის შედეგადაც დაახლოებით 110-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო სხვადასხვა სახის ტრავმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG