Accessibility links

ექსპერტი გამორიცხავს, რომ შაქარაშვილის ცხედარი გარკვეული პერიოდის შემდეგ მოათავსეს წყალში


გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე გამორიცხავს, რომ 19 წლის ფეხბურთელი, შესაძლოა, მდინარეში არა გარდაცვალებისთანავე, არამედ რამდენიმე დღის შემდეგ აღმოჩნდა.

„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გარდაცვლილი რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ სადღაც დამალული და ცხედარი შემთხვევის ადგილზე რამდენიმე დღის შემდეგ მიიტანეს. ცალსახად ვამბობ, გვამის გამოკვლევის პროცესში, არსებობს წყალში ყოფნის ნიშნები, რაც ნიშნავს ხელის მტევნების, ტერფების კანი იცვლება სპეციფიურად, რასაც ჰქვია ე.წ. მრეცხავის ხელები, რაც უტყუარად მიუთითებს მასზედ, რომ ცხედარი იმყოფებოდა წყალში. მაგრამ მარტო ეს არ არის ამის დამადასტურებელი. ტემპერატურის გათვალისწინებით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ცხედარი, რომელიც თუნდაც ორი დღე და დღე-ნახევარი დარჩენილიყო მიწის ზევით, ლპობითი პროცესები განვითარდებოდა ისეთი ინტენსივობით, რომ ამოცნობის რესურსი და შესაძლებლობაც კი დაიკარგებოდა“, - ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.

10 ივლისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნის გამოქვეყნებისთანავე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმადვე, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG