Accessibility links

აშშ-ის არმია საპასუხო ქმედებას აპირებს, თუ დამტკიცდა, რომ რუსეთი თალიბანს ფულად ჯილდოს აძლევდა


აშშ-ის სამხედრო უწყების, პენტაგონის, მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა 9 ივლისს განაცხადა, რომ აშშ სამაგიერო ზომას მიმართავს, თუ აშშ-ის არმია შეძლებს მოიპოვოს დასტური იმისა, რომ რუსეთი ფულად ჯილდოს აძლევდა თალიბებს, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მოკვლის სანაცვლოდ.

შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ მილიმ განაცხადა, რომ ინფორმაცია სამხედრო დაზვერვას ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ, პირობა დადო, რომ თუ ის დამტკიცდა, აშშ „იმოქმედებს“.

მილიმ და აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ სპენსერმა, შეკითხვებს უპასუხეს კონგრესის მოსმენებზე მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთი თალიბ მეომრებს ფულს სთავაზობდა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მოკვლის სანაცვლოდ.

პირველი, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ნიუ-იორკ ტაიმსი იყო. გაზეთი იტყობინებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინფორმირებული იყო ამის შესახებ. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს ინფორმაცია არ მიაწოდეს, რადგან ის არ იყო დადასტურებული. როცა საავარაუდო ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა გეგმა გერმანიიდან აშშ-ის ჯარის ნაწილის, დაახლოებით ათი ათასი სამხედროს გაყვანის შესახებ. გენერალმა, ჯონ ნიკოლსონმა, ავღანეთში აშშ-ის ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც რუსეთისთვის გაგზავნილი არასწორი სიგნალი. ნიკოლსონმა, სხვა მოსმენებზე, განაცხადა, რომ გერმანიიდან ჯარის გაყვანა რუსეთის წადილს წაადგა, ძირი გამოუთხაროს და დაასუსტოს ნატო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG