Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩი“ სავალდებულო კვოტირებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს


პარტია „გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომელიც პარტიებს საარჩევნო სიის შედგენისას ავალდებულებს, ყოველი მეოთხე წევრი განსხვავებული სქესისა იყოს. „გირჩში“ მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება მათი საარჩევნო უფლების შეზღუდვაა, რადგან თუ კვოტების რეგულაციას არ დაემორჩილებიან, პარტიას არჩევნებზე დარეგისტრირების საშუალება არ მიეცემა, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა გარკვეული მხარდაჭერა აქვს.

პარტიის განცხადების თანახმად, პარტიულ სიას პარტიის პარტნიორები ადგენენ და ის ისე კომპლექტდება, როგორც მათ წარმოუდგენიათ.

"საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს ამ ნორმის მოქმედება, ასეთი ვალდებულებით პარტიის რეგისტრაცია არ იქნება სამართლიანი. შეურაცხმყოფელიც კი არის, სქესის მიხედვით, ადამიანების ასე დაყოფა. პარლამენტში ვინ შეიძლება მოხვდეს და ვინ არა, ამას ხალხი წყვეტს და არავის აქვს უფლება, ასეთი შეზღუდვა დააწესოს", - აცხადებს “გირჩის” იურისტი, ლევან ჯგერენაია.

"გირჩი" მიიჩნევს, რომ პარტიებისთვის ასეთი შეზღუდვის დაწესება ხელს უშლის როგორც მათ პასიურ საარჩევნო უფლებას, ასევე ამომრჩევლების ნების თავისუფლად გამოხატვას.

საქართველოს პარლამენტმა 2 ივლისს მიიღო სავალდებულო კვოტირების და სხვა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. ცვლილების თანახმად, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG