Accessibility links

შაქარაშვილის ოჯახის პოზიციაა, რომ განზრახ მკვლელობის ბრალი 6 პირს უნდა წაუყენონ


19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიციაა, რომ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლი Toyota Camry-ის 6-ვე მგზავრს უნდა წაუყენონ. ამის შესახებ გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

"ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას და, შესაბამისად, ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე", - თქვა გარდაცვლილის ბიძამ.

დღეს, 10 ივლისს ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილი ასფიქსიით, წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. გარდა ამისა, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

საქართველოს პროკურატურამ შაქარაშვილის სხეულზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ კიდევ ერთი მუხლით გამოძიების გაგრძელებაზე განცხადება გაავრცელა. უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტი).

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG