Accessibility links

სერბეთი და კოსოვო დიალოგს განაახლებენ მერკელთან და მაკრონთან ერთად ვიდეო-სამიტის შემდეგ  


კოსოვო და სერბეთი შეთანხმდნენ, გააგრძელონ მოლაპარაკება, რომელსაც ევროკავშირი უწყობს ხელს. შეთანხმება შედგა ვიდეო-სამიტის დროს, რომელსაც მასპინძლობდნენ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. თუმცა, ვიდეო-სამიტის შემდგომ, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის და კოსოვოს პრემიერ-მინისტრის, ავდულა ჰოტის განცხადებებიდან ჩანს, რომ მხარეები ერთმანეთისგან ძალიან არან დაშორებული.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რომელიც 10 ივლისს გაკეთდა, მოლაპარაკება გაგრძელდება 12 ივლისს, ვიდეო-კონფერენციის ფორმით და უმასპინძლებს ევროპის კავშირი. 10 ივლისის სამიტს ესწრებოდნენ ასევე, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი და ევროკავშირის საგანგებო დესპანი ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგის საკითხებში საგანგებო წარგზავნილი, მიროსლავ ლაიჩაკი.


კოსოვომ, სერბეთის ყოფილმა ოლქმა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წელს, რაც ბელგრადმა უარყო. ევროკავშირის შუამავლობით ჩატარებული მოლაპარაკებები ბელგრადსა და პრიშტინას შორის ჩაიშალა 2018 წლის ბოლოს, მას მერე, რაც შემოთავაზებული იქნა მიწის გაცვლა და მას მერე, რაც კოსოვომ 100 პროცენტიანი გადასახადი დაუწესა სერბეთის იმპორტს.

კოსოვოც და სერბიაც, რომლებიც ევროკავშირში შესვლისკენ ისწრაფიან, აწყდებიან მზარდ ზეწოლას დასავლეთის მხრიდან მოლაპარაკებების განახლების მხრივ.

ვუჩიჩმა 10 ივლისის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკება დაძაბული იყო და რომ მან მაკრონს და მერკელს უთხრა, რომ „თუ მათ სურთ კოსოვოს დამოუკიდებლობაზე საუბარი, მაშინ ასეთ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს“.

ევროპის კომისიის წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ განაცხადა, რომ ეს ერთჯერადი შეხვედრა არ არის, დიალოგი პროცესია, უთხრა მან ჟურნალისტებს.

კოსოვოს პრეზიდენტის, ჰაშიმ ტაჩისთვის ჰააგის პროკურორების მიერ წაყენებული, ომის დანაშაულში ბრალდების შედეგად, ჩაიშალა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, 27 ივნისისთვის დაგეგმილი შეხვედრა სერბეთის და მისი ყოფილი ოლქის ლიდერებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG