Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსი ჰაკერი ევგენი ნიკულინი


სან-ფრანცისკოს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ჰაკერული თავდასხმების სერიასა და კიბერდანაშაულში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე, ევგენი ნიკულინი, რომლის დანაშაულებრივი საქმიანობის უმთავრეს სამიზნეს წარმოადგენდა უმსხვილესი ამერიკული სოციალური მედიაკომპანიები LinkedIn-ი და Dropbox-ი.

ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების შემდეგ საბოლოო ვერდიქტს კალიფორნიის საოლქო სასამართლო 29 სექტემბერს გამოიტანს.

30 წლის ევგენი ნიკულინი პრაღაში 2016 წელს დააკავეს და ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით გადასცეს აშშ-ს, სადაც მას ბრალი წაუყენეს ამერიკულ ტექნოლოგიების კომპანიათა ინტერნეტსისტემებში შეღწევასა და მილიონობით ადამიანის პირადი ინფორმაციის შელახვაში.

ნიკულინს ლოგინებისა და პაროლების მოპარვისა და დაცულ კომპიუტერებში მავნებლური პროგრამების ინსტალაციისათვის, ბრალდების თითოეული მუხლით, ათ-ათწლიანი პატიმრობა ემუქრება და კიდევ 5-5 წელი ფარული გარიგებისა და ჰაკერული თავდასხმებისათვის.

ევგენი ნიკულინი ამერიკელი სამართალდამცველების ყურადღების ქვეშ მოექცა იმ მრავალწლიანი გამოძიების დროს, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კიბერდანაშულში ეჭვმიტანილი არაერთი ცნობილი რუსი ჰაკერი დააპატიმრეს.

მოსკოვი ვაშინგტონს ადანაშაულებს რუსეთის მოქალაქეებზე დაწყებული „ნადირობისთვის“.

რაც შეეხება ნიკულინს, მის გადაცემას მოსკოვიც ითხოვდა 2009 წელს 2000-მდე აშშ დოლარის მითვისების გამო.

32 წლის ნიკულინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მისმა ადვოკატმა, არკადი ბუხმა, ნაფიც მსაჯულთა განაჩენს უწოდა „უდიდესი უსამართლობა“. ბრალდებულის მხარეს 60 დღე აქვს განაჩენის გასაჩივრებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG