Accessibility links

კასპში ცემენტის ქარხნის წინააღმდეგ აქცია გაიმართა


კასპის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, კომპანია ჰაიდელბერგცემენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები კასპში ეკოლოგიური კატასტროფის პრობლემაზე საუბრობენ და ცემენტის ქარხანას კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებენ.

აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, ყველა სატვირთო მანქანა, რომელიც ქარხნის ტერიტორიიდან გამოდის, უნდა გაირეცხოს და დაილუქოს. უნდა შეკეთდეს ამ მანქანების მიერ დაზიანებული ფარნავაზის ქუჩა. ცემენტის ქარხნის ფილტრები 24-საათიან რეჟიმში ჩართული უნდა იყოს, რადგან ცემენტის მტვრის ნაწილაკები მთელ ქალაქში იფრქვევა.

ფარნავაზის ქუჩის მცხოვრები ზურაბ პატარაშვილი ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნები ერთი თვის განმავლობაში არ შესრულდება, კასპელები ფართომასშტაბიან, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ. აღსანიშნავია, რომ აქციამდე ერთი დღით ადრე, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჰაიდელბერგცემენტის მენეჯმენტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ცემენტით დატვირთული სატვირთო მანქანები ფარნავაზის ქუჩაზე აღარ იმოძრავებენ და ტვირთს ქალაქიდან შემოვლითი გზით გაიტანენ.

ამ მემორანდუმის მიხედვით, შეკეთდება ფარნავაზის ქუჩაც, თუმცა აქციის მონაწილეების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მანქანები ქარხნიდან გარეცხილი გამოვიდეს და ფილტრები მუდმივად ჩართული იყოს, რათა ცემენტის მტვრის გამოფრქვევა მაქსიმალურად შემცირდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG