Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნია-ჰერცეგოვინაში აღინიშნება სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის 25-ე წლისთავი


სრებრენიცის გენოციდის 25-ე წლისთავზე, 11 ივლისს, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, პოტოჩარის საძმო სასაფლაოზე მიწას მიაბარეს ნახევარი საუკუნის შემდეგ ნაპოვნი და იდენტიფიცირებული 9 მსხვერპლის ნეშტები.

პოტოჩარის სასაფლაოზე განისვენებს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის დროს ბოსნიელი სერბების ძალების მიერ დახოცილი 6 640 ადამიანი, დაახლოებით 1000 ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ბოსნია-ჰერცეგოვინაში მთავარი ცერემონიის პროგრამა მნიშვნელოვნად შეიკვეცა და ბევრი მაღალი დონის სტუმრის გარეშე ჩატარდა.

თავის ვიდეომიმართვაში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა სრებრენიცის 25 წლის წინანდელ ხოცვა-ჟლეტას უწოდა „ნამდვილი გენოციდი“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, კი აღნიშნა, რომ „აშშ არასოდეს დაივიწყებს ამ ტრაგედიას“.

სრებრენიცის 1995 წლის ხოცვა-ჟლეტა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასობრივ მკვლელობად ითვლება.

ბოსნიელი სერბების ძალებმა გენერალ რატკო მლადიჩის ხელმძღვანელობით 1995 წლის ივლისში დაიკავეს გაეროს მიერ დაცული მუსლიმთა ანკლავი სრებრენიცა.

რამდენიმე დღის განმავლობაში დახოცეს 8000-მდე ადამიანი.

ყოფილი იუგოსლავიის ომის დანაშაულთა გაეროს ტრიბუნალმა 2017 წელს გენერალი მლადიჩი დამნაშავედ ცნო გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, სრებრენიცის ჩათვლით და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG