Accessibility links

ორმა აბიტურიენტმა, რომლებიც კორონავირუსის საფრთხის გამო მოხსნეს, ქართულის გამოცდა ჩააბარა


იმ ორმა აბიტურიენტმა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის საფრთხის გამო საგამოცდო ცენტრში არ დაუშვეს, ქართულის გამოცდა ჩააბარეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიაწოდეს.

ცენტრში პერსონალური მონაცემების დაცვის გამო არ ამბობენ, კონკრეტულად რომელ დღეს და რომელ საგამოცდო ცენტრებში დაუშვეს ეს ორი აბიტურიენტი. საგამოცდო ცენტრებში დღეს დასრულდა ქართულის გამოცდა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა.

საქართველოში 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და პირველივე დღეს ორი აბიტურიენტი მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო ცენტრში არ დაუშვეს. მათ PCR ტესტმა კორონავირუსის არსებობა არ დაუდგინა.

იმის გამო, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ, გამოცდა კვლავ ჩაებარებინათ, საქართველოს განათლების მინისტრმა შესაბამისი ბრძანება გამოსცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG