Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია არ აპირებს, პროკურორს შაქარაშვილის საქმეზე ინფორმაციის წყარო დაუსახელოს


"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია უარს ამბობს, დაასახელოს წყარო, რომლისგანაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ინფორმაციას იღებს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მისვლის დროს განაცხადა.

"ამ ეტაპზე არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას, ერთადერთი შემიძლია ვუთხრა მისი წარმომავლობა - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია... ამ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტრად ბიძინა ივანიშვილისთვის მე მივიჩნევი, ამიტომ აქ უფრო ხშირად ვარ, სახლში თუ სამსახურში, არ ვიცი", - თქვა მან.

ნიკა გვარამია სასამართლოში გამოკითხვაზე კრიმინალურმა პოლიციამ დაიბარა, რადგან მან უარი თქვა უწყებაში მისვლაზე. გამოკითხვაზე მისულმა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ აინტერესებთ, ვინ არის გვარამიას ინფორმაციის წყარო.

"ჩვენ გვაინტერესებს წყაროები, საიდან იყო ინფორმაცია მიღებული და რამდენად გააჩნია დადასტურებული ინფორმაცია. ჩვენ დაკითხვის შედეგად უნდა გავარკვიოთ, რა არის დადასტურებულად ნათქვამი და რა - არა", - თქვა მან გვარამიას გამოკითხვის დაწყებამდე.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG