Accessibility links

ხაბაროვსკში მეორე დღეა გრძელდება გამოსვლები ეჭვმიტანილი გუბერნატორის მხარდასაჭერად


ხაბაროვკის მცხოვრებლებმა 12 ივლისს მეორედ მოაწყვეს მშვიდობიანი მსვლელობა მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი და წინასწარ პატიმრობაში მყოფი მათი ოლქის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, მხარდასაჭერად.

მომიტინგეები კვირას კვლავ შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ, ლენინის მოედანზე. აქციის მსვლელობას გაბმული საყვირებით მხარს უჭერდნენ მძღოლები.

პოლიცია აქციებზე არ რეაგირებს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში აკრძალულია მასობრივი თავყრილობები. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები.

ჯერჯერობით სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

რეგიონის ხელისუფლებამ ოლქის მცხოვრებლებს მიმართა თხოვნით, არ მიიღონ მონაწილეობა სტიქიურ აქციებში.

ოპოზიციონერი ანტიკორუფციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ხაბაროვსკის შტაბში აცხადებენ, რომ ორდღიანი აქციები განსაკუთრებულ ამბავს წარმოადგენს ხაბაროვსკისათვის. სერგეი ფურგალის მხარდამჭერი აქცია, რომელიც შაბათს გაიმართა, მიჩნეულია, როგორც ხაბაროვსკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური.

სხვადასხვა შეფასებით, მასში დაახლოებით 30-35 ათასი კაცი მონაწილეობდა.

პოლიციამ დაასახელა რიცხვი - 10-12 ათასი. აქციის მონაწილეები მოთხოვენ სერგეი ფურგალის ან გათავისუფლებას, ან მის სამშობლოში გასამართლებას, თუ მის მიმართ არსებობს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი და ფსევდოოპოზიციური „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი, სერგეი ფურგალი, სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააპატიმრეს და მოსკოვში, საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს დასაკითხად.

ფურგალის დაპატიმრების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის რეგიონული განყოფილების ხუთი წევრის სახლში. საოლქო დუმაში ამ პარტიის ორი წევრი კი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 9 სექტემბრამდე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორს. იგი ეჭვმიტანილია 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობების ორგანიზებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG