Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ მიულერი მნიშვნელოვანს უწოდებს „რუსეთის ჩარევის“ შესახებ გამოძიებულ საქმეებს, როჯერ სტოუნს კი - "დამნაშავეს"


რობერტ მიულერი
რობერტ მიულერი

აშშ-ის ყოფილი სპეცპროკურორი, რობერტ მიულერი, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა, კვლავ იმეორებს, რომ მისი ჯგუფის მიერ ჩატარებულ გამოძიებას „პირველხარისხოვანი მნიშვნელობა“ აქვს.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“გამოქვეყნებულ სტატიაში, რობერტ მიულერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი, როჯერ სტოუნი, სამართლიანად მიეცა პასუხისგებაში, რადგან დამნაშავედ იქნა ცნობილი ფედერალური დანაშაულის ჩადენაში.

ამ სტატიის ფონია აშშ-ის პრეზიდენტის 10 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც დონალდ ტრამპმა შეამსუბუქა საპატიმრო სასჯელი, რომელიც მისი მეგობრისა და რესპუბლიკური პარტიის ვეტერანი პოლიტიკოსის, როჯერ სტოუნის მიმართ 20 თებერვალს გამოიტანა სასამართლომ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს სამი წლით და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მანამდე სტოუნი დამნაშავედ ცნეს კონგრესისთვის ყალბი ჩვენების მიცემაში, მართლმსაჯულების დაბრკოლებასა და მოწმეებზე ზეწოლის მოხდენაში.

14 ივლისს, 67 წლის სტოუნი, ჯორჯიის შტატის ფედერალურ ციხეში უნდა გამოცხადებულიყო, სადაც 40-თვიანი საპატიმრო სასჯელი უნდა მოეხადა.

„ის რჩება მსჯავრდებულ დამნაშავედ და ეს სწორია“, - წერს როჯერ სტოუნის შესახებ თავის სტატიაში რობერტ მიულერი.

„როჯერ სტოუნი ახლა თავისუფალი ადამიანია!“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ „როჯერ სტოუნს მოეპყრნენ ძალიან უსამართლოდ, ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანს“.

მაისში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის ბრალდებები მოუხსნა ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, მაიკლ ფლინს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG